ნინო გუგეშაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ცილისწამებითა და ლანძღვით გადაუარეს
არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ რაც მაგას ახლა ცილისწამების და ლანძღვის „კატოკით“ გადაუარეს, აღარ დაინდეს მისი მკვდარი საფლავში და ცოცხალი – დედამიწაზე, – ამის შესახებ მწერალი ნინო გუგეშაშვილი Facebook-ში წერს.
„მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება ზურაბიშვილი, არც ის ვიცი, საერთოდ რაში გვჭირდება პრეზიდენტი, მაგრამ რაც მაგას ახლა ცილისწამების და ლანძღვის „კატოკით“ გადაუარეს, აღარ დაინდეს მისი მკვდარი საფლავში და მისი ცოცხალი – დედამიწაზე. არ მოასვენეს კედიები, ზურაბიშვილები, ჯანრი კაშია და ნიკო ნიკოლაძე, ეს კი დავინახე, რომ უკვე ნახევარი ქვეყანა ხელაწეული ჩაბარდა ნაცების და ერორის ნარატივს (მეც გამოვიყენო სადმე ეს ტერმინი, სირცხვილია. “ბულინგიც” ვერსად ჩავურთე), და რომ არავითარი უფლებადამცველი და ადამიანის ქომაგი ორგანიზაციები არ არსებობს, არც ქალთა, არც კაცთა, არც ეთიკის, არც ნაზთა, არც თვალჟუჟუნათა – ფარსია ეს ყველაფერი.
შვილებისა და ოჯახის წევრების, წინაპრების ლანძღვისა და პიროვნული შეხებების გარეშე კამათის სწავლას ვუსურვებ ჯერ ჩვენს პოლიტიკოსებს – დანარჩენი ჯერ შორსაა. ეს არის “ანი”, ეს არის “ბანი”, ისწავლეთ, გეთაყვა:) … ჩვენ პრეზიდენტი რაში გვჭირდება, მაინც ვერ გავიგე“, – წერს ნინო გუგეშაშვილი.