ნინო გუგეშაშვილი - არ ინერვიულოთ, მალევე შეატყობინეს მელიას ოჯახს, სად გადაიყვანეს, არ დასჭირვებიათ პირადი არხებით რკვევა, ცოცხალია თუ არა, რა დონეზე სცემეს და აწამეს 
ნინო გუგეშაშვილი - არ ინერვიულოთ, მალევე შეატყობინეს მელიას ოჯახს, სად გადაიყვანეს, არ დასჭირვებიათ პირადი არხებით რკვევა, ცოცხალია თუ არა, რა დონეზე სცემეს და აწამეს 

არ ინერვიულოთ, მელიას დაპატიმრებიდან მალევე დაუკავშირდნენ ოჯახს და შეატყობინეს, სად და როგორ პირობებში გადაიყვანეს მათი შვილი, ადვოკატებმაც მალევე მოინახულეს. არ დასჭირვებიათ ოჯახს, ადვოკატებს და მეგობრებს (როგორც ჩვენ გვჭირდებოდა მელიას პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს) დღეების განმავლობაში ძებნა, პირადი არხებით რკვევა, სადაა ადამიანი, ცოცხალია თუ არა, რა დონეზე სცემეს და აწამეს პოლიციაში, ციხეში, – ამის შესახებ მწერალი ნინო გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გუგეშაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელია არც კობა დავითაშვილივით დაუმტვრევიათ ძვლებში სასიკვდილოდ და გაუტაციათ თბილისიდან 100 კილომეტრით დაშორებულ დახურულ ჰოსპიტალში, არც გია მაისაშვილივით დაუჭრიათ შუბლში საბედისწეროდ…

„არ ინერვიულოთ, თმის ღერი არ ჩამოვარდნია, გაივლის ინსტანციებს და გამოვა ცოტა ხანში უფრო გაპუტკუნებული, არა მოლაშვილივით სასიკვდილოდ ნაწამები…

P.S. ძალიან არ მომწონს, რაც ხდება. ეს კი არა, ორი უცხო კაცი რომ ჩხუბობს ქუჩაში რაღაც სისულელეზე და საერთო ენა ვერ მოუძებნიათ, ისიც მასევდიანებს.

როგორ შეიძლება მომწონდეს, როცა უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აპატიმრებენ.

როგორ შეიძლება მომწონდეს, როცა ეს უდიდესი ოპოზიციური პარტია სწორედ ამ ნიშნით „ირჩევს“ ახალ თავმჯდომარეს, რომელსაც მთელი ეს წლები არაფრით გამოუჩენია თავი, გარდა იმისა, რომ მუდმივად სადღაც შევარდნას ცდილობს თბილისში თუ რეგიონებში, მუდმივად კანონს არღვევს და პასუხს არ აგებს, მერე ქალებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს იფარებს.

როგორ უნდა მომწონდეს, როცა პოლიტიკოსი ქალი, დედა, ახლო წარსულში პარლამენტის თავმჯდომარე და ორჯერ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, და კიდევ სხვა პოლიტიკოსი ქალები, დედები, დები – თანახმა არიან, ისევ სხვისი შვილების დასახიჩრების, თუნდაც გვამების ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ვის აღარ მოუწოდეს ამ დღეებში, ვის აღარ მოუწოდა ნინო ბურჯანაძემ – ელჩებს, ღარიბაშვილს, მთავრობას, საპატრიარქოს, მსოფლიოს, გალაქტიკას, რომ გველოდება უბედურება, სისხლისღვრა და ჯანდაბა, ერთადერთი მელიას არ მოუწოდა „დიდმა პოლიტიკოსმა“! პარლამენტის თავმჯდომარეყოფილმა! ორჯერ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა! ისევ ხელისუფლებაში მოსვლის მსურველმა! ერთადერთი მელიას არ მოუწოდა, ან ნუ დააყენებს თავს კანონზე მაღლა, ან ნუ აიფარებს ქალებს და ახალგაზრდებს, მარტო გამაგრდეს სადაც უნდა.

როგორ შეიძლება მომწონდეს, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე პირველი საქმე ჯარის გამოყვანით იწყება. რამდენად სწორად და სამართლიანად, ამას მომავალი და სამართალი შეაფასებს, მაგრამ მე, რიგითი მოქალაქე, ვერ გავრკვეულვარ: ვის გვევალება კანონის შესრულება, ვის არა, ან როგორ უნდა აღსრულდეს კანონი? თუ არც უნდა აღსრულდეს საერთოდ? – შევთანხმდეთ რაღაცაზე.

როგორ უნდა მომწონდეს, როცა ყველა „უფროს ძმას“ მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, ზემოდან თუ ქვემოდან, ფეხებზე კიდია რიგითი ქართველის ემოცია, ნიჭი თუ შელახული სამართლიანობის გრძნობა – თეთრაძეების ოჯახის, შარაძეების, კრიალაშვილების, ხარძიანების, მოლაშვილების, აფრასიძეების, თორაძეების და უამრავი სხვა ოჯახის, დავითაშვილის 5 შვილის უსამართლობის და უმწეობის განცდები. „უფროს ძმებს“ მხოლოდ პოლიგონად, თავიანთი ომის და შრომის ბიზნესის პლატფორმად ვაინტერესებთ, თუ ადამიანებადაც? თუმცა ისიც ვნახეთ ერთი-ორჯერ, რომ როცა საქართველოში ხალხმა მოინდომა, კიდევაც შეცვალა, სხვათა შეშფოთების მიუხედავად. მაგრამ მერე ვეღარ გააგრძელა…

და რატომ ვეღარ გააგრძელა? იმიტომ, რომ ვისაც კი ჩააბარა ქვეყნის მართვა, ყველა ბიუჯეტის ხვრაზე გადაერთო, ან მიეყიდა ვიღაცას, ან ორივე ერთად.

საერთოდ, რა ადვილად ვიყიდებით!

და ახლა „თბილისის ფართო ქუჩებში დადის“ ათასობით სწავლაშეწყვეტილი სტუდენტი – „ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი“, ათასობით უმუშვარი და ღატაკი, პენსიონერი, ბავშვი „ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი“… ასობით დაცლილი სოფელი გვაქვს და დაუმუშავებელი მიწები; ვეტერანებს, ვინც მართლა სწირავდა თავს სამშობლოსთვის (ვისაც ამ სიტყვის გეშინიათ – „სამშობლო“, გაიქეცით), 22 ლარი აქვთ ჯერაც დახმარება, ათასი სირცხვილი გვჭირს და როგორ შეიძლება მომეწონოს, თუ სპეცნაზის გამოყვანის შემდეგსაქართველოს მთავრობა ამ სირცხვილებსაც არ მიხედავს სასწრაფოდ, ან თუნდაც სამართალს არ გამართავს იმ დონეზე, რომ ხვალ ისევ უსამართლობამ არ გაიმარჯვოს და ეგ სპეცოპერაცია (რომელიც, ძალიან კარგია, რომ უსისხლოდ დასრულდა), აბსურდულად არ გამოეკიდოს ჰაერში მხოლოდ ძალის დემონსტრირებად.

როგორ შეიძლება მომწონდეს, როცა ათასჯერ მივეცი თავს პირობა, რომ დავიკიდებ ყველაფერს და ჩემს საქმეს მივხედავ მხოლოდ, მაგრამ ვერ ვასრულებ და ისევ ამსიგრძე ბოდიალს ვწერ – თუმცა ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, და არა იმას, რაშიც ფულს მიხდიან.

და ვინც წერთ იმას, რაშიც ფულს გიხდიან, ვინც ჰონორარს იღებთ ასეთი ფბ პოსტების კონტროლისთვის და მათი ავტორების დაბულინგებისთვის, აქ ნუ შემომიხტებით, კილომეტრზე გცნობთ.

მელიაზე კი არ ინერვიულოთ – ნორმალურ კამერაშია, სახალხო დამცველმაც მოინახულა და არაფერი აკლია ტელევიზორის გარდა. კანონის მიხედვით, თურმე, ტელევიზორი თუ უნდა, თვითონვე უნდა შეიძინოს პენიტენციარულ მაღაზიაში.

არ ვიცი, ეს კანონი მელიას მოეწონება თუ არა, მაგრამ ამაზეც არ იდარდოთ – ისეთი გულიანი სახალხო დამცველი გვყავს, იმდენს იზრუნებს ხალხზე, რომ მაგასაც ჩვენ გვაყიდვინებს“, – წერს ნინო გუგეშაშვილი.