საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, USAID პოზიტიური შეფასებები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ქვეყანას კიდევ მეტ ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა წარმატებულად აფასებს ეკონომიკის სფეროში, ასევე მთავრობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. ასეთი შეფასებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმების შესაფასებლად, ასევე სამომავლოდ პრიორიტეტების განსასაზღვრად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. USAID კარგად ხედავს, რა ტიპის დახმარება სჭირდება ახლა ქვეყანას ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
USAID-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა.