ნინო გოგუაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურაში პრობლემებია, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა განამტკიცოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნინო გოგუაძის თქმით, განცხადებაში არის კონკრეტული მესიჯი, რა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიოა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა განამტკიცოს. შეუძლებელია, ამ გზავნილის სხვანაირად წაკითხვა, სხვანაირად თარგმნა და გაგება. სახელმწიფო დეპარტამენტი გზავნილებს თვითმიზნურად არ აგზავნის. აქ არის კონკრეტული მესიჯი, რა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ თვალის მოხუჭვა არც მმართველი გუნდის და მით უმეტეს, საზოგადოების ინტერესებში არ შედის. ჩვენ ზუსტად ვიცით, მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურაში პრობლემები რა არის. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ყველაზე ადეკვატური პასუხი იქნება, რომ ვიმსჯელოთ, როგორ ვაპირებთ ამ სისტემის შემდგომ გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას. შეუძლებელია აქ სხვა პასუხი იყოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება ტერმინებზე საუბარი. ჩვენ ეს გზავნილი უნდა მივიღოთ, რაც შიგნით წერია. ამას საზოგადოებაც კითხულობს და რაც არ უნდა შეეცადოს მმართველი გუნდი, რომ სხვაგვარად გადათარგმნოს და სხვაგვარად მიაწოდოს საზოგადოებას, ამის გაკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ძალიან მკაფიო და მომთხოვნი ტონით გაკეთებული განცხადება იყო.
„ამერიკა ძალიან ეხმარებიდა საქართველოს, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაგვეუმჯობესებინა. მათ შორის მოსამართლეების მომზადება გადამზადებაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ისინი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ ნებისმიერ გაუმჯობესებას, რაც შეიძლება ამ სისტემაში იყოს. ბოლო მოვლენები, რაც იყო მართლმსაჯულების სისტემაში, რაც მაგალითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას შეეხებოდა, ძალიან მკაცრად იყო შეფასებული ამერიკის, ასევე ჩვენი სხვა პარტნიორების მხრიდან.
ამ განცხადებას ვიღებ როგორც განგრძობით მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და როგორც გზავნილს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, როდესაც საქმე პროკურატურას და მართლმსაჯულებას შეეხება. ეს განცხადება ამბობს, რომ არის პრობლემები მართლმსაჯულების სისტემაში და პროკურატურაში, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, თუ მას ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა სურს. ეს არის ერთადერთი სწორი მესიჯი რაც შეიძლება ამ განცხადებიდან მიიღო. საკითხის ძალიან გამარტივება იქნება, რომ შევაფასოთ პოზიტიური იყო თუ ნეგატიური. ძალიან მკაფიო და მომთხოვნი ტონით გაკეთებული განცხადება იყო“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.