ნინო ჩიქოვანი - მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში ინფორმაციის ნაკლებობა და ფინანსებზე ხელმისწავდომობის პრობლემები აქვს
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და პროფესიული განათლების პრობლემები აწუხებთ.
ამის შესახებ ნინო ჩიქოვანმა ბიზნესსექტორსა და ბიზნესომბუდსმენს შორის მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რადგან ასეთი შეხვედრები იძლევა დიალოგის და პრობლემებზე საუბრის საშუალებას.
მისივე თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ამ კუთხით ეხმარება ბიზნესმენებს კონკრეტული საკითხების შესაბამის სტრუქტურებთან მიტანაში.
“ეს პლატფორმა, რომელსაც ქმნის სამრეწველო პალატა, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის,რომელთაც შედარებით ნაკლები წვდომა აქვთ, მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, ასევე შეხვედრებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ვინაიდან ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის მცირე და საშუალო და რეგიონული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ვფიქრობთ, დღევანდელი შეხვედრაც და ზოგადად მსგავსი ტიპის შეხვედრებიც, მათთვის იქნება სასარგებლო და სავაჭრო პალატა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელსაც. ინფორმაციის ნაკლებობა, ფინანსების ხელმისაწვდომობა , პროფესიული განათლება, ეს ის ძირითადი პრობლემები რაც აწუხებს მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში“, – განმარტა ნინო ჩიქოვანმა.