ნინო ბურჯანაძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა, რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას გამოიწვევს
საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, მას არ უკვირს საქართველოს ეკლესიის ფრთხილი მიდგომა ამ საკითხისადმი.
„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოიწია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მეტ-ნაკლებად აქტუალურია პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, არის საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მხარის დაჭერა. ეს თემა არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სრულიადაც არ მიკვირს ის ფრთხილი მიდგომა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო იყენებს ამ საკითხის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი ქართულ პოლიტიკოსებზე და ქართულ ექსპერტებზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„მინდა, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მივმართო და ვკითხო, რა არის თქვენთვის უფრო უმნიშვნელოვანესი და უზენაესი, საქართველოს ინტერესები თუ ზოგადად ნათქვამი სიტყვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენი სამშობლოს ერთიანობა თუ უკრაინის ინტერესი. პატივს ვცემ უკრაინასა და უკრაინელებს, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესი ჩემთვის არის უზენაესი. მინდა, ვუთხრა იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და არ გინდათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ნამდვილად არ მინდა, ასეთი შეურაცხყოფა მოგაყენოთ, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი თქვენს პოზიციას, ან უბრალოდ თქვენ არ იცით და არ გესმით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს სიტყვებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, აღიარების მსგავსი გადაწყვეტილება დამღუპველი იქნება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „დამოუკიდებლობისთვის“ და ეს იქნება დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ.