ნინო ბურჯანაძე - პანდემიური ვითარება თუ ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არჩევნების თარიღის შეცვლაზე ხელისუფლება არ უნდა გავაკრიტიკოთ
„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარება თუ გართულდება, ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეცვლაზე არ უნდა გააკრიტიკონ.
მისივე თქმით, თუ პანდემიის გამო, საარჩევნო კამპანია ვერ ჩატარდება, პოლიტიკოსებს არ ექნებათ საშუალება, ხალხში გავიდნენ, მაშინ უმჯობესია, არჩევნები გადაიდოს.
„იმ შემთხვევაში, თუ პანდემიური ვითარება ნამდვილად გართულდება, ვფიქრობ, არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება არჩევნების თარიღის შეეცვლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ პანდემია მართლაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, ადამიანებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ მათთვის საფრთხის შექმნის გარეშე, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა გადაიდოს, რადგან ყველაზე ნაკლებად ოპოზიციას აწყობს არჩევნების ჩატარება საარჩევნო კამპანიის გარეშე“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, არ დარჩეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება პანდემიით მანიპულირებს და სხვა მიზეზებით უნდა არჩევნების გადადება.
„თუ გადაიდება, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან ამოცანაა, რომ ამ არაჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში.