ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე გააკეთა. როგორც ნინო ბურჯანაძე განმარტავს გაერთიანებაში საარჩევნო ბლოკებად დაჯგუფება ან პოლიტიკური პლატფორმების გაერთიანება არ იგულისხმება და საუბარია მხოლოდ პოზიციების გაერთიანებაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

საარჩევნო სისტემის დახვეწაში კი ნინო ბურჯანაძის განმარტებით, პირველ რიგში მომდევნო საპარალამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა იგულისხმება.

„აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხს არჩევანი არ წაართვას. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ მთავარი მოთხოვნის ირგვლივ შეძლებს საერთო ენის გამონახვას, ხოლო შემდეგ თითოეული პარტია ეცდება რომ მოიკრიბოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართლიან ბრძოლაში ჩვენი პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთანავე, როგორც ნინო ბურჯანაძემ პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობის დასრულების შემდეგ განმარტა, მისი პარტიის მთავრი ამოცანა სწორედ მომდევნო არჩევნებისთვის მომზადება და ამ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისთვის ბრძოლა ინება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს გაერთიანებული საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, საზღვრები დაცული, ადამიანები დაცულნი და კეთილდღეობით აღვსილნი და ამას კი ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. ამას სჭირდება ახალი ეროვნული ხელისუფლება. 2020 წლის ან უფრო ადრინდელი არჩევნებისთვის, ჩვენ უკვე მზადება დავიწყეთ და ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, იმიტომ, რომ ვიცით ნამდვილად სამართლიანი და სწორია ჩვენი ბრძოლა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ რომელიც პარტია „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე კიდევ ერთხელ აირჩიეს.