ნინო ბურჯანაძე - მტკიცე პოზიციაა, რომ ჩვენი მოთხოვნა არის გერმანული მოდელი
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია მმართველ გუნდთან გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნა ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, რადგან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, ლიდერები, რომლებთანაც მაგიდის ირგვლივ ვსხედვართ, ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ გუშინდელ შეხვედრასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით და ინფორმაცია მათ ნამდვილად აინტერესებდათ. მათ ვუთხარით, რაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის მინდა, ხაზი გაუსვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ჩვენი მოთხოვნა არის გერმანული მოდელი“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება, რადგან იხილება მოსამართლეების საკითხი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნამდვილად არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ეს არის საყოველთაო სახალხო საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი და პიკეტირება გაგრძელდება. ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციისა და კოორდინაციის რეჟიმში ვაგრძელებთ მოქმედებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, აიცილოს თავიდან სირთულეები პარლამეტში შესვლასთან, კენჭისყრასთან დაკავშირებით, მაგრამ გაცილებით უფრო გონივრული იქნება, ხელისუფლება იყოს კონსტრუქციული, ცდილობდეს პრობლემის და იმ წინააღმდეგობის აღმოფხვრას, რომელიც არსებობს საზოგადოების დიდ ნაწილში და არ ცდილობდეს ტექნიკურად მოგვარებას იმის, რაც შეიძლება, გააპაროს და გააძვრინოს, რაღაც საკითხების განხილვა. ეს უფრო გონივრული იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან და ასეთ შემთხვევაში საზოგადოება გაცილებით მშვიდად შეხვდებოდა მომავალი წლის დასაწყისს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.