ნინია კაკაბაძე - ვფიქრობ, „გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმის არგაშვებამ შესაძლებელია, მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე გაშვებამ
ვფიქრობ, „გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმის არგაშვებამ შესაძლებელია, მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე გაშვებამ, მაგრამ არა იმ სახით, რა სახითაც ჩვენ ვნახეთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინია კაკაბაძემ განაცხადა.
როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, ფილმის იმ ვერსიასთან, რომელიც მან ნახა, შენიშვნები აქვს.
„იმ ვერსიასთან, რომელზეც ავტორი ამბობდა, რომ ბოლო ვერსიაა, მაქვს შენიშვნები და არსებული სახით ეთერში არ უნდა გავიდეს, რაღაც დეტალები უნდა შესწორდეს. ამ შემთხვევაში, თემიდან გამომდინარე არ ვსაუბრობთ თავისთავად რეზონანსული გამოძიების ხარისხზე, შესრულების სტილზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე – ფილმის ბოლო ვერსიაში, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა სამეურვეო საბჭოს, უდანაშაულობის პრეზუმფცია იყო დარღვეული და ეთერში იმ სახით არ უნდა გავიდეს. ფილმმა აუცილებლად უნდა გაიაროს შესწორებები. საბოლოო ჯამში, მე ვემხრობი ამ ფილმის ეთერში გასვლას, ოღონდ მხოლოდ შესწორებების შემდეგ. პასუხისმგებლობის აღება საჭირო არ არის, ამ ფილმის გაშვება-არგაშვებაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის არხის მენეჯმენტი, გადაწყვეტილებას ის იღებს. ჩემი პოზიცია მხოლოდ რეკომენდაციაა. ვფიქრობ, რომ ამ ფილმის არგაშვებამ შესაძლებელია, მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე გაშვებამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, გაშვებამ არა იმ სახით, როგორითაც ვნახე უკანასკნელი ვერსია, რომელიც ფილმის ავტორმა სამი-ოთხი დღის წინ მოგვაწოდა და არ ვიცი, მას შემდეგ რამე შესწორდა თუ არა”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ 15 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმის „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ არსებული ფორმით გასაჯაროებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ფილმზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.
ამასთან, დღეს პირველი არხის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფილმი ეთერში ხვალ გავა.