ნინა კობახიძე - უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, რათა ბიზნესში ქალთა და მამაკაცთა ანაზღაურება გავათანაბროთ და დისკრიმინაცია აღმოვფხვრათ
სამსახურში მიღების დროს დამფუძნებლის ან გენერალური დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, სამსახურში მიიღებს თუ არა ქალს, რომელიც პოტენციურად ორსულობის, მშობიარობის და ა.შ. რისკის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ „ბიზნესლიდერთა ფედერაცია – ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბიზნესსექტორში შედარებით უფრო გამოიკვეთება პოზიციები, სადაც ქალები უფრო მეტი დოზით არიან დასაქმებული. თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესი საჯარო პოლიტიკას რაღაცით წინ უსწრებს. რჩება ძალიან მძიმე მოცემულობა, რომ ეკონომიკურ აქტივობაში 40%–ით ნაკლები ქალია ჩართული და ისინი 30%–ით ნაკლებ ხელფასს იღებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქალის ბიზნესგანვითარების პროცესი მენტალობიდან გამომდინარეც არის შეფერხებული, რადგან საქართველოში ყველაფერი ბიჭს აქვს, ანუ მიწა, ქონება, საკუთრება ბიჭის სახელზე გადადის და შესაბამისად, სესხის აღების დროს ქალებს შეფერხება აქვთ.
„ქალებს ბიზნესის დაწყება უჭირთ, რადგან ხანდახან, ბებიის ნაჩუქარ ბეჭედს ან სხვა ქონებას თუ არ ჩავთვლით, მათ საკუთრება არ გააჩნიათ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ნინა კობახიძემ აღნიშნა, ქალების განვითარებაში, ჩართულობაში ძალიან დიდი როლი აქვს ყველა იმ წარმატებულ ქალს, რომელიც ქართულ ბიზნესში საქმიანობს.
„კომპანიაში, რომელშიც მე დღეს ვმუშაობ, 65% ქალია, მეორე კომპანიაში კი, რომლის დამფუძნებელიც გახლავართ – 100%. უნდა შევიმუშაოთ მთელი რიგი საგარანტიო მექანიზმები, რომ ბიზნესპროცესში ქალთა და მამაკაცთა შრომის ანაზღაურება გავათანაბროთ, სამსახურში მიღების პროცესში დისკრიმინაცია აღმოვფხვრათ და სხვადასხვა კომპანიებისთვის ეს ერთგვარ სოციალურ პასუხისმგებლობად ვაქციოთ“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.