ნინა კობახიძე - ეს თუ არის გამოსავალი, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვა უკუღმა, კანონის გამკაცრებით უნდა დავიწყოთ
ეს თუ არის გამოსავალი, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვა უკუღმა, კანონის გამკაცრებით უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ ბიზნესლიდერთა ფედერაცია – „ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავჯდომარემ, ნინა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მიდგომას, რომ განათლებიდან დაწყებული, ოჯახში აღზრდით დამთავრებული, ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ და მსხვერპლს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რათა მსხვერპლი არ გახდეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუ ეს გამოსავალია, უკუღმა, კანონის გამკაცრებით უნდა დავიწყოთ. პოტენციურ მოძალადეებში თუნდაც, შიში უნდა დავნერგოთ იქამდე, სანამ ყველა იმ სწორ გზას გავივლით, მორალით დაწყებული, ოჯახში აღზრდით დამთავრებული, რათა ამასთან მიმართებაში სრულფასოვანი სისტემა მივიღოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ განცხადებით ნინა კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად საკმარისი კანონის გამკაცრება.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსხვერპლები აღარ ეგუებიან რეალობას და ხმამაღლა საუბარს იწყებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ამაზე განსაკუთრებით, ბოლო წლებია, ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. ჩვენ ხომ საერთოდ, მიჩვეული ვართ იმას, რომ როდესაც ძალიან სავალალო შედეგი დგება, მერე ვიწყებთ გამოსავლის ძიებას. ასე იყო მაგალითად, შემაკავებელი ორდერების შემთხვევაში; სანამ მსხვერპლი არ მივიღეთ, მანამდე არ მოხდა მოძალადის დაკავება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა მხოლოდ სოციალურად შეჭირვებულ და თავშესაფრის მაძიებელ ქალთა შორის არ დგას.
„იგივე შინაარსის პრობლემას ვეხებით ძალიან ბევრ წარმატებულ, ეკონომიკურად აქტიურ, ძლიერ და დასაქმებულ ქალთან. შეიძლება, სტატისტიკურად, ეს ქალები უფრო აღარ ითმენენ. როცა ადამიანი დამოუკიდებელია და ფინანსურად უფრო მეტად შეუძლია საკუთარი თავისა და შვილების უზრუნველყოფა, ის უბრალოდ, მეტად აღარ ითმენს და ამაზე უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე ის ქალი, ვისაც საშუალება არ აქვს, განერიდოს მეუღლეს, ან იმ ადამიანს, ვისზეც დამოკიდებულია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ძლიერი ქალის ეშინიათ და ამ ყველაფრის თავიდან დასაღწევად ერთ-ერთი კომპონენტი დამოუკიდებელი, ფინანსურად ძლიერი ქალია.
„ძლიერი ქალის საბოლოო ჯამში, ეშინიათ. ასე რომ, ყველა გზა უნდა წავიყვანოთ იქით, რომ ჩვენ, ქალები გამოვიდეთ ასპარეზზე და ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი; არ შეგვეშინდეს, ყველას დავუმტკიცოთ, რომ ძალადობას სქესი არ აქვს, ამ თვალსაზრისით და ჩვენ მარტო მსხვერპლის როლში ვერ დავრჩებით, დიდხანს“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.