ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - გენგეგმის სწორად განხორციელებას მაღალი კვალიფიკაცია, სტრატეგიის ხედვა სჭირდება, თუ ასე არ იქნება, გენგეგმა კიდევ ერთი ტვირთი იქნება
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - გენგეგმის სწორად განხორციელებას მაღალი კვალიფიკაცია, სტრატეგიის ხედვა სჭირდება, თუ ასე არ იქნება, გენგეგმა კიდევ ერთი ტვირთი იქნება

შესაძლოა, ჩარჩო გეგმების მომზადების დიადმა იდეამ ნებართვების შეფერხება, დიდი კომპანიებისთვის ხელშეწყობა, მოსახლეობის დაჩაგვრა, გენგეგმაში ზონირების ხშირი შეცვლა და პროცესების უკიდურესად გაწელვა გამოიწვიოს, – განაცხადა საკრეულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„გენგეგმის სწორად განხორციელებას ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, ნება და რაც მთავარია, სტრატეგიის ხედვა სჭირდება. თუ ეს ასე არ იქნა, გენგეგმა მხოლოდ პრობლემების გორგალი და კიდევ ერთი ტვირთი იქნება, რომელიც ქალაქის პრობლემებს დააკონსერვებს“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ ქაოტური განაშენიანების პრობლემა ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოგვარდა და ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ დერეგულაცია იყო გარანტი, თბილისი ეკონომიკური ცენტრი ყოფილიყო, მეტი სამუშაო ადგილი შექმნილიყო და სახელმწიფოს პრიორიტეტები გამომჟღავნებულიყო, რაც სამწუხაროდ, ხშირად, დაუბალანსებლად ხდებოდა, ეს გზა გავლილია, „ქართულ ოცნებას“ უფრო გაიოლებული დღევანდელობა აქვს და გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ცუდად იყო, დღეს კი, კარგად არის, მაგრამ ეს დინამიკაში უნდა დავინახოთ.

„ერთმანეთის გადაბრალებას თავი უნდა დავანებოთ. თბილისი რომ თბილისია და ასეთი გამორჩეული ქვეყნის დედაქალაქია, ეს სწორედ იმ დერეგულაციების და ეკონომიკური ბუმის შედეგია, რომელსაც ახლა უკვე ასეთი დაგეგმარება სჭირდება. ანუ, პრობლემა მრავალმხრივია და ნუ დავიწყებთ, თქვენ დროს ისე, ჩვენ დროს ასე. ახლა რომ პრობლემებია და მაგალითად, აკრძალულ ზონებში რომ მაღალსართულიანი სახლების კოეფიციენტების გაყიდვაზე ნებართვები გაიცემა, მაშინ ასეთი რამ არ ხდებოდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.