ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - გენგეგმა ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, მეორე უფრო რთული ნაბიჯია, როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - გენგეგმა ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, მეორე უფრო რთული ნაბიჯია, როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში

როცა გენგეგმაზე საუბარი დავიწყეთ, მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას, თუ პროფესიულ საზოგადოებას შორის დიდი კედელი იყო აღმართული, რაც ჩვენი და საზოგადოების ძალისხმევით დაიშალა, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„გენგეგმის გარშემო ალაპარაკება რაღაცნაირად, ერთ ხმაზე მოხდა, რაც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და კარგია. ჩვენ რომ არ დავთმეთ, გენგეგმის გაშავებას არ დავეთანხმეთ, ის კვლავ განხილვის ციკლში დავაბრუნეთ და დღეს ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგი პრეცედენტია და ქალაქისთვის მიღწევაა, მაგრამ ეს ერთი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისი თქმით, ახლა მეორე, არანაკლები და შესაძლოა, კიდევ უფრო რთული ნაბიჯი იწყება, რაც გენგეგმის იმპლემენტაციას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე დანერგვას გულისხმობს, რომ ბალანსი მოხდეს და მერია ზედმეტად ბიუროკრატიული, ნელი, არასწორი, ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორი არ გახდეს, საზოგადოება კი მეორე ნაპირზე არ დარჩეს.

ვაჩეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამას მერიის მხრიდან ძალიან დიდი მონდომება დასჭირდება, რასაც ოპოზიცია და პროფესიული საზოგადოება კრიტიკით მოანდომებს, რომ გენგეგმის პროგრამა, რომელიც ქალაქს ექნება, ქალაქის სასარგებლოდ განვითარდეს.

„ახლა ძალიან დიდი სირთულეებია, როცა არსებობს კერძო ინტერესი და რაღაცები თავიდანაა დასაგეგმი. მოქალაქეები ელემენტარულ, პატარა ნებართვასაც ვეღარ იღებენ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, პატარა საკითხები გენგეგმის დიდ, გლობალურ ამოცანებს ეწირება და ეს ყველაფერი დასალაგებელია. ვისურვებდი, მერიას, ამის რესურსი ჰქონდეს. თუმცა, ვფიქრობ, აქ დიდი სირთულეები წარმოიშვება და კიდევ ბევრი კამათი, თუ შეხლა-შემოხლა მოგვიწევს“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა