ნიკოლოზ სამხარაძე - გახარია უმრავლესობის სხდომაზე ამბობდა, რომ ნიკა მელიას საქმეს სამართლებრივი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გადადგომასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გადაწყვეტილება გუნდისთვის მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რასაც ის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უმრავლეოსობის სხდომაზე აკეთებდა.
სამხარაძის თქმით, გახარია უმრავლესობის სხდომაზე ამბობდა, რომ საქმეს სამართლებრივი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა.
„გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ჩვენთვის, მთელი გუნდისთვის იყო მოულოდნელი, განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ის აკეთებდა უმრავლეოსობის სხდომაზე მელიას საკითხთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის სხდომაზე ამბობდა, რომ ამ საქმეს აქვს სამართლებრივი გაგრძელება და შესაბამისად, იმის გამო, რომ სამართალი ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებს, უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თუ მან ჩათვალა, რომ რაიმე პოლიტიკური ნაბიჯით შეძლებს, დაძაბულობა განმუხტოს და მისი გადადგომა ნიკა მელიას აიძულებს, რომ გირაო გადაიხადოს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, მაშინ, კი ბატონო, მივიღოთ ეს გნაცხადება, როგორც მისი ერთ-ერთი მცდელობა, რომ ნიკა მელიას აიძულოს გირაოს გადახდა. ვადამდელი არჩევნების საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ვერ აირჩევს. საარჩევნო სისტემა საჭიროებს რეფორმას, რომელიც დაწყებული გვაქვს და სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რაც დაწყებულია. ეს არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორები ამბობდნენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.