თაკო ჩარკვიანი - გიორგი გახარია ძალიან ჭკვიანურად მოიქცა
თაკო ჩარკვიანი - გიორგი გახარია ძალიან ჭკვიანურად მოიქცა

ოპოზიციამ დასავლეთიდან ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მიიღო, რადგან გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს დაცვის გამო გააკეთა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვებით ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რას მოიმოქმედებს კობახიძე-მდინარაძის წყვილი, არაპროგნოზირებადია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გახარიამ გააკეთა. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, შორს გაიხედა და ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა, აი, ამ წამს, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, ასანთი არის პატარა ნერონების ხელში, ძალიან უტვინო ადამიანების ხელში და უჭკუო კაცისგან ყოველთვის ზღვარგადასულ სისულელეებს ველოდები, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მდინარაძე-კობახიძის დუეტს. თუმცა მე ვიცი, რომ დასავლეთიდან უკვე ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციამ და ზოგადად ქართულმა სახელმწიფომ, რადგან გამოიკვეთა, რომ ოპოზიციამ ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს დაცვის გამო გააკეთა. პროცესს ახლა მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაარჩენს, რეფორმირებული საარჩევნო სისტემით, ეს არის გამოსავალი.

როგორ წარმოიდგინეს ამ ძალიან სულელმა ადამიანებმა, რომ ქართული სახელმწიფოს ასეთი შეურაცხყოფა და ოკუპანტის შემოყვანა საკანონმდებლო ორგანოში ასე ჩაივლიდა. ნიკა მელიას თემა მიბმულია გავრილოვის თემასთან, თორემ ცალკე ნიკა მელია, ასეთი ფენომენი, მას არაფერი დაუშავებია, მან დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, როგორია ოპოზიციის გეგმები, თუ „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს არ დათანხმდება, ჩარკვიანმა უპასუხა: „ასე პატიოსნად, კანონმორჩილად, უაიარაღოდ დავიცავთ ქართულ სახელმწიფოს მტერზე მომუშავე კოლაბორაციონისტებისგან“.