გოკა გაბაშვილი - უკვე საკმაოდ შეაბიჯეს ჩიხში, რაც მათივე პრემიერ-მინისტრის გადადგომამ დაადასტურა, ერთადერთი გამოსავალი არის მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე
გოკა გაბაშვილი - უკვე საკმაოდ შეაბიჯეს ჩიხში, რაც მათივე პრემიერ-მინისტრის გადადგომამ დაადასტურა, ერთადერთი გამოსავალი არის მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე

ბატონმა გახარიამ აღარ მოინდომა სიველურეში მონაწილების მიღება, – ამის შესახებ „ევროპული საქათველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც უსამართლობის გზას ადგება, ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება და ეს ხდება ახლაც.

„აქ მართლმსაჯულების აღსრულებაზე არ იყო საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არის ხელისუფლების სრულიად უკანონო მოქმედება და როგორც ჩანს დისკუსია იყო იმაზე, მოჰყვებოდა თუ არა ამ გადაწყვეტილებას ჩვეულებრივი სიველურე. ბატონმა გახარიამ აღარ მოინდომა სიველურეში მონაწილების მიღება, 20 ივნისისგან განსხვავებით, რაც კარგია. ყოველთვის არის იმ ხელისუფლების რღვევის ნიშანი, რომელიც ადგება უსამართლობის გზას, საკუთარი მოქალაქეების პოლარიზების გზას, ეს ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება და ასე იქნება ახლაც.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყანას აქცევს არა ნორმალურ განვითარებულ ან თუნდაც განვითარებად ქვეყნად, არამედ დესპოტად, როცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერა გინდა, როცა გინდა, რომ დაჭერით, რეპრესიით, ჩაგვრით, საზოგადოების დაყოფით მართო ქვეყანა. ეს ხელისუფლებას მიიყვანს ჩიხამდე და ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალია პატიოსანი, წესიერი არჩევნები“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმებაა.

„პრემიერის გადადგომა ნიშნავს მთავრობის გადადგომას, ნიშნავს, რომ ამ წუთში „ქართული ოცნების“ მთავრობა არ არსებობს. ერთადერთი გზა არის არა ეს რაღაც შუბლგაყინული და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი კობახიძეების მუქარები, არამედ ნორმალური მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე. გამოსავალი თუ უნდათ, ეს არის, ჩიხი თუ უნდათ, ჩიხში უკვე საკმაოდ შეაბიჯეს, რაც მათივე პრემიერ-მინისტრის გადადგომამ დაადასტურა“, – განაცხადა გაბაშვილმა.