ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენს ქვეყანაში რევოლუციები დამთავრდა და ამას ვერ უშველის ვერანაირი მცდელობა, სემინარები თუ კონფერენციები იარაღის ტარებაზე
მათი ზნე არ იცვლება, წლიდან წლამდე აქვთ უსუსური მცდელობები, რევოლუციები მოაწყონ და ადამიანებში დანერგონ შიში, რომ ქვეყანაში შეიძლება, რაღაც მოხდეს, არეულობა დაიწყოს. მათ სწორედ ამის ხარჯზე უნდათ, ხელი მოითბონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
სამხარაძის თქმით, საქართველოში რევოლუციები დასრულდა და ამას ვერ უშველის ვერანაირი სემინარები თუ კონფერენციები იარაღის ტარებაზე.
„ესენი არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც ხალხის ნდობა საერთოდ არ აქვთ. ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად იცის, ხელისუფლებაში მოსვლა რა გზებით უნდა. ჩვენს ქვეყანაში რევოლუციები დამთავრდა და ამას ვერ უშველის ვერანაირი მცდელობა, სემინარები თუ კონფერენციები იარაღის ტარებაზე. სჯობს, არჩევნებისთვის მოემზადონ და იქ დაადასტურონ, თუ ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვთ“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს, ჩვენ ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“.