ზურაბ ჯაფარიძე - რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს, ჩვენ ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს
ზურაბ ჯაფარიძე - რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს, ჩვენ ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს

რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი, ამაზე ლექციებზეც ვსაუბრობ და ბანაკების შემთხვევაშიც, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლება იტყუება, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის და პრობლემებს ქმნის, ხოლო ჩვენ „ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“.

„პარალიზება, ხელის შეშლა, საბოტაჟი – ქუჩაში გამოსულ ბევრ ადამიანს შეუძლია, უამრავი პრობლემის შექმნა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს. დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, რომელიღაც მინისტრს ტყუილზე დაიჭერენ, ის მინისტრი გადადგება ხოლმე იმის გამო, რომ მათ იციან, ქუჩაში შეიძლება გამოვიდეს ბევრი ხალხი და ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა. ამიტომ არსებობს იქ ეს კულტურა, რომელსაც საქართველოში შევნატრით ხოლმე, რომ თავად იღებენ პასუხისმგებლობას და მიდიან. აქ რატომ არ მიდიან? იმიტომ, რომ აქ ჯერ ეგ გზა გასავლელი გვაქვს. აქ მთავრობებმა უნდა ისწავლონ, რომ ქუჩაში როდესაც ბევრი ხალხი გამოდის, ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა, ჯობია, არ გააბრაზო ბევრი ხალხი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილსა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანაში რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს ფულის შოვნისა და შემდეგ ოპოზიციის დაფინანსების საშუალებას აძლევს.

„მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი კეზერაშვილს აძლევს საშუალებას, რომ აქ „ქოლცენტრები“ ამუშაოს, ფული აკეთოს და მერე ოპოზიცია აფინანსოს. მე არ მჯერა, რომ ვინმეს – კეზერაშვილს, ვაშაძეს ან ოპოზიციურ ნებისმიერ ლიდერს ივანიშვილი მისცემს საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში ფული აკეთოს, გინდა „ქოლცენტრებით“ და გინდა სხვა რაღაცებით და მერე ოპოზიცია აფინანსოს, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.