ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი მისწრაფებები ნატო-სკენ არის შეუქცევადი და არ ექვემდებარება გადახედვას
ვაფასებთ ნატო-ს წევრის, თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი მისწრაფებები ნატო-სკენ არის შეუქცევადი და არ ექვემდებარება გადახედვას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიურ სამმხრივ სხდომაზე განაცხადა.
„მტკიცედ მწამს, რომ ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. საქართველო ზედმიწევნით იცავს ნატო-ს პრინციპებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტანდარტებით, ვალდებულებების პირნათლად შესრულებით და პრინციპებისადმი ერთგულებით – საქართველო სრულად თავსებადია ალიანსთან და ჩვენ მიერ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში აქტიურმა და წარმატებულმა მონაწილეობამ ცხადყო, რომ საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, არამედ გამცემიც არის“, – განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.