ნიკოლოზ სამხარაძე - არ წარმომიდგენია მერი, რომელიც იქნება მეურნე და არა პოლიტიკური ფიგურა
თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მერი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და არა უბრალოდ მეურნე.
„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი ქალაქების და დედაქალაქების მერების არიან პოლიტიკური პირები იმიტომ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობის პირები. ამიტომ მე არ წარმომიდგენია მერი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ფიგურა და იქნება უბრალოდ მეურნე. მეურნეობისთვის სხვა სამსახურები არსებობს, დეპარტამენტები, რომლებიც ამ საკითხს უწევენ კურირებას, მერი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.