მამუკა ხაზარაძე - ამომრჩეველს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება, თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა გვქონდეს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე
მამუკა ხაზარაძე - ამომრჩეველს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება, თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა გვქონდეს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე

ოპოზიციამ უნდა დავისახოთ რამდენიმე კონკრეტული მიზანი. სტრატეგიული, შემოდგომის არჩევნების მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი ვერ დააგროვოს. სტრატეგიული მიზანია, რადგან 2022-ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, შემოდგომაზე სერიოზული გამოცდა ელოდებათ.

„დღეს პირველად მომიწევს ჩემი და „ლელოს“ იდეის გაჟღერება. მინდა, კარგად ავხსნა, რა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით.  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სხვანაირად, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, მხედველობაში მყავს ოპოზიცია. დავისახოთ რამდენიმე კონკრეტული მიზანი. სტრატეგიული, შემოდგომის არჩევნების მიზანი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი ვერ დააგროვოს. ეს არის სტრატეგიული მიზანი, რადგან 2022-ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის საშუალება, რომ ქვეყანას მოევლინოს კოალიციური მთავრობა და კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანამ დადოს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გეგმა. ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდა გველოდება შემოდგომაზე.

ვფიქრობ, ჩვენი ფორმულა არის შემდეგი. უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენს ამომრჩეველს ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა გვქონდეს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე.

„თუ მხოლოდ თბილისის განლაგებას ავიღებთ, ეს არ უნდა იყოს მოცემულობა, რომ ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაუჭიროს მხარი მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი.

გამოსავალი არის შემდეგი – თბილისი უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა. თბილისს სჭირდება ძალიან სერიოზული განვითარების გეგმა. ამაში არ ვგულისხმობ ლურჯი ან ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას. დაიღალა ხალხი იმის მოსმენით, რომ კიდევ ახალი ავტობუსები ჩამოდის ქალაქში.

თბილისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა ვაქციოთ, უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი.

მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ. სხვა შემთხვევაში იქმნება ალიაქოთი და დაპირისპირება.

გვავიწყდება მთავარი, ჩვენი ქალაქი, მისი ქუჩა, მოშიმშილე ბავშვები, დაბინძურებული მტკვარი. ამ ყველაფერს ერთი პარტიის ძალისხმევა და ერთი ლიდერი არ ეყოფა, თუ ძალები არ გავაერთიანეთ.

მეურნე ადამიანი უნდა იყოს ზეპარტიული, ან ძალიან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი, რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ ჩვენ დავუდგებით გვერდში, გეგმას დავდებთ და ერთხელ პრეცედენტს დავუშვებთ, რომ გავაკეთებთ საქმეს, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში.

მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ, მოდით, ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი. ჩემთვის მთავარი მერობა კი არ არის, ჩემთვის მთავარია, რა შეგვიძლია, ამ ქალაქისთვის გავაკეთოთ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.