ნიკოლოზ სამხარაძე - 2003 წელს საქართველოს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც პრობლემებით იყო დახუნძლული, 2024 წელს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მყარად დგას, აქვს კარგი შედეგები და დიდი მხარდაჭერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ, სინამდვილეში ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
სამხარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თითქოსდა დაპირისპირებით ისინი ფიქრობენ, რომ დამატებითი ხმების მობილიზებას შეძლებენ.
„მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთიც და მეორეც არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ახლა მათი ტაქტიკაა, ვითომ გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ცდილობენ იმ ადამიანების ხმებზე ნადირობას, რომლებიც არავითარ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემდნენ. ფიქრობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თითქოს დაპირისპირებით შეძლებენ დამატებითი ხმების მობილიზებას. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ასე იქნება, რადგან ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი და ძალიან კარგად ახსოვთ წარსული და იციან, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს და რა პოლიტიკური გემოვნება აქვს. ადამიანი, რომელიც გუშინ პარტიის თავმჯდომარე და მთავარი იდეოლოგი იყო, დღეს ამბობს, „ნაცები“ რა ცუდები არიან და უნდა დისტანცირდნენ მათგან. რა თქმა უნდა, ამას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, რომელმაც 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც სამი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი გააერთიანა, სამხარაძის შეფასებით, უგულავას ეს განცხადება უადგილოა.
„2003 წელი საერთოდ არაფერ შუაში არ არის და უადგილოა, რადგან მაშინ, 2003 წელს საქართველოს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც დახუნძლული იყო სერიოზული პრობლემებით, განსაკუთრებით ეკონომიკური და კორუფციული პრობლემებით, ხოლო დღეს, 2024 წელს საქართველოს ჰყავს სრულიად სხვა ხელისუფლება, რომელიც ძალიან მყარად დგას და აქვს ძალიან კარგი შედეგები როგორც ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკაში და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ისე, ამასთან, აქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.