ნიკოლოზ ქარცივაძე - ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს ჯანდაცვა და სხვა სამსახურები დღეისათვის ძალიან ეფექტურად უმკლავდებიან, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის
ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ნიკოლოზ ქარცივაძემ ხაზი გაუსვა, რომ ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღეისათვის ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდებიან, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის.
„განსაკუთრებით ნაყოფიერი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ასევე, ჩართვა იყო ჩვენს უცხოელ კოლეგასთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ინფიცირებულების ყოველდღიური ციფრი სოლიდურია. დღევანდელი დღისთვის ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება ამ მაჩვენებელს, მაგრამ, ასევე მოგეხსენებათ, რესურსები ამოუწურავი არ არის. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი აქცენტი იყო ზუსტად იმ მიმართულებით გაკეთებული, რომ არსებული საწოლფონდის გამოყენება მოხდეს რაციონალურად, დაკავდეს საწოლები იმ პაციენტებით, რომელთა სტაციონარში ყოფნა აქტუალურია. კიდევ უფრო გაესვა ხაზი აქტუალობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს ის პაციენტები არიან, რომელთა მდგომარეობა არ იცდის, რომელთა დახმარებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა კლინიკასთან. ძალიან საინტერესო აზრები იყო წარმოთქმული სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, ამ შეხვედრის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.