ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - მიღებულია, რომ ინფიცირებულთა 15-20 პროცენტი მკურნალობდეს ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 პროცენტამდეა, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - მიღებულია, რომ ინფიცირებულთა 15-20 პროცენტი მკურნალობდეს ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 პროცენტამდეა, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს

მიღებულია, რომ 15-20 პროცენტი გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 პროცენტამდეა, რასაც ალბათ ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყანა, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.

„ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 პროცენტი იყოს, ჩვენთან 37 პროცენტამდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა, ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი – კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდსასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება“, – განაცხადა დავით გადელიამ.