ნიკოლოზ ჩხეტიანი - მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და გამწვანების უნიკალური პროექტისთვის ფონდ „ქართუს“ გამოყოფილი აქვს 15 მილიონი ლარი, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ეტაპია
ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და გამწვანების პროექტი უნიკალურია, რომელიც ამ ეტაპზე 700 ჰექტარის გაჯანსაღებას გულისხმობს.
„ეს არის უნიკალური პროექტი, მოგეხსენებათ, თბილისს და მის შემოგარენს ძალიან უჭირს, ხმება მასობრივად ფიჭვები და სხვა მცენარეები, რაც გამოწვეულია პარაზიტების გამრავლებით. ეს პროექტი გულისხმობს ამ ეტაპზე 700 ჰექტარის გაჯანსაღება – ეს არის მთაწმინდის ფერდობი, ვერის ფერდობი და ვაკის ფერდობი, გიგანტური ტერიტორია ქალაქის ცენტრში.
შარშან დაიწყო ეს პროექტი, გაკეთდა ყველა კვლევა, ყველა მიმართულებით – გეოლოგია, ფლორა-ფაუნა და ასე შემდეგ, ნიადაგები შევისწავლეთ და უკვე დაიწყო ფაქტობრივი საველე სამუშაოები, ხდება ჭრები გამხმარი ფიჭვების. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიიდან გამხმარი ხეების გატანას ვახორციელებთ და ხდება მათი ჩანაცველბა ახალი მცენარეებით, ისეთი მცენარეებით, რომლებიც მორგებულია ჩვენს ბუნებრივ პირობებს და რომელთაც ნაკლები პრობლემები შეექმნებათ მომავალში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მისივე განმარტებით, პირველი ეტაპისთვის ფონდ „ქართუს“ გამოყოფილი აქვს 15 მილიონი ლარი.
„ფონდი „ქართუ“ აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საკითხი თბილისისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გამოყოფილი გვაქვს 15 მილიონი ლარი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, პროექტი მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი დროთა განმავლობაში დაზუსტდება.
ვინაიდან ეს ბუნებაა, შედეგს ვერ დაინახავთ მყისიერად, მაგრამ ყოველწლიურად თბილისელები ნახავენ სხვაობას, რადგან დარგვები უკვე მიმდინარეობს, შეგიძლიათ, გაისეირნოთ ბილიკებზე და ნახავთ, ასევე ემატება ინფრასტრუქტურა, კეთდება ბილიკები, გადმოსახედები, საპიკნიკე ადგილები, ოღონდ, ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებასთან მიახლოებულია, ეს იქნება თბილისის მთავარი მწვანე ფილტვი“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.