ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 698-ე ჩოგანთან წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 698-ე ჩოგანთან წააგო

მაროკოს ქალაქ მარაკეშში ​დევისის თასზე ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფის პირველი წრის მატჩი გაგრძელდა, რომელშიც მაროკოს ნაკრები საქართველოს მასპინძლობს.

პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველო მდევრის როლში აღმოჩნდა – მაროკოელმა ლამინ უაჰაბმა ორ სეტში – 6:3, 6:3 მოუგო გიორგი ცივაძეს.

ამის შემდეგ, კორტზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (57-ე ჩოგანი) და ამინ აჰუდა (698) გავიდნენ. ქართველი ბუკმეიკერთა აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ცუდად მომზადებული შეხვდა მატჩს. ბასილაშვილი არც ისე კომფორტულად გრძნობდა თავის გრუნტის კორტზე.

მას გაუჭირდა თამაშში შესვლა და თავიდან ბრეიკით ჩამორჩა – 1:3, მაგრამ შეძლო მობილიზება და ზედიზედ ხუთი გეიმის აღება, რამაც პირველ სეტში მოგება მოუტანა – 6:3.

მეორე სეტში 20 წლის აჰუდა აშკარა უპირატესობას ფლობდა. მან პირველმა შეასრულა ბრეიკი და 4:2 დაწინაურდა. მართალია, ბასილაშვილმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ კვლავ დათმო საკუთარი გეიმი, რის შემდეგაც, მაროკოელს არ გასჭირვებია სეტზე ჩაწოდება – 6:3. ყველაფერი მესამე სეტს უნდა გადაეწყვიტა.

გადამწყვეტი პარტიის სტარტზე ბასილაშვილს ​ბრეიკით დაწინაურება შეეძლო, მაგრამ 16-გათამაშებიან გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის შანსი გაანიავა. სამაგიეროდ, აჰუდამ მეხუთე გეიმში პირველივე ასეთი შანსი გამოიყენა და კომფორტული უპირატესობა მიიღო. მაროკოელს საკუთარი გეიმების შენარჩუნება სჭირდებოდა იმისთვის, რომ კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებისთვის მიეღწია.

აჰუბამ ამ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი და არა თუ საკუთარი მოწოდება შეინარჩუნა, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ზუსტად ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ, 3:6, 6:3, 6:3 მოიგო.

ცოტა ხანში წყვილების მატჩი დაიწყება: იასინ იდმბარეკისა და ლამინ უაჰაბის დუეტი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილს შეხვდება. საქართველოს ნაკრებმა ეს და კვირის ორი მატჩი უნდა მოიგოს, რათა შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვოს.