ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნოვაკ ჯოკოვიჩს დოჰას ტურნირზე პირველი სეტი მოუგო [ვიდეო]

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ATP250-ის ტურნირზე მეოთხედფინალების დღეა. მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გასასვლელად მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდება. ბასილაშვილმა დამაჯერებლად მოახერხა პირველი პარტიის მოგება.

ქართველს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი გეიმიც აიღო და 2:0 დაწინაურდა. ნიკას ზედიზედ მესამე გეიმის მოგებაც შეეძლო, მაგრამ რიგით მეორე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეხუთე გეიმში მაინც შედგა მეორე ბრეიკი და ჯოკოვიჩისთვის ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 1:4.

მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ნოვაკმა გონს მოსვლა და მეექვსე გეიმში პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა. მან მეორე ცდაზე შეძლო პირველი საპასუხო ბრეიკის შესრულება, რასაც თავისი გეიმის აღებაც მიაყოლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 3:4.
ამ რთულ მომენტში, ბასილაშვილს კარგი ფსიქოლოგიური მომზადება გამოავლინა. მერვე გეიმში 40:15-ს იგებდა, ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ნიკას საფრთხე მოიგერია და უმნიშვნელოვანესი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა – 5:3.

მეცხრე გეიმში ბასილაშვილს თითქმის არ უბრძოლია და მთელი ყურადღება მეათე გეიმზე გადაიტანა, რომელშიც სეტზე უნდა ჩაეწოდებინა. და აქაც, ქართველი ნერვიულობას გაუმკლავდა, სამმაგი სეტბოლი მიიღო და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.