ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის სამოქალაქო სარჩელზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის სამოქალაქო სარჩელზე მორიგი პროცესი გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ჩოგბურთელის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს სასამართლომ სარჩელის დაზუსტება და სამართლებრივი დასაბუთების წარდგენა მოთხოვა.
ჭკადუას საქმის დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. ადვოკატმა არც ის დააკონკრეტა, კონკრეტულად რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ.
„სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელ, ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი. დეტალებზე ვერ გიპასუხებთ, თუ რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო დასაზუსტებელი და სამართლებრივად გასამართი. სასამართლოს შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგენილა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავა განიხილებოდა. როგორც ცნობილია, საქმე ქონებრივ დავას ეხება. სხდომას არ ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი.
ნელი დოროყაშვილის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია, რის მიზეზადაც ის ფაქტი დაასახელა, რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო.