დოჰას საჩოგბურთო ტურნირზე ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და გაირკვა მსოფლიოს 59-ე ნომრის, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა.
ბასილაშვილი ახალ სეზონს 28 წლის იტალიელთან ტომას ფაბიანოსთან შეხვედრით დაიწყებს, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 73-ე ადგილზეა. ეს ჩოგბურთელები აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ 2015 წელს: ნეაპოლის ტურნირის კვალიფიკაციაში, გრუნტზე ფაბიანომ მოიგო სამ სეტში – 6:1, 5:7, 6:2, ხოლო აშშ-ის ღიას კვალიფიკაციაში, ჰარდის კორტზე ბასილაშვილმა გაიმარჯვა – 6:4, 4:6, 6:1.
ქართველისა და იტალიელის შეხვედრა პირველ იანვარს გაიმართება.
ფაბიანოს დამარცხების შემთხვევაში, მეორე წრეში ბასილაშვილი მეორე ნომრად განთესილ პაბლო კარენიო ბუსტასა (ესპანეთი) და ბორნა ჩორიჩს (ხორვატია) გამარჯვებულს შეხვდება.
დოჰაში ჩოგბურთელები ჰარდზე ითამაშებენ. პირველ ნომრად ავსტრიელი დომინიკ ტომია განთესილი.