ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩოგბურთელის ყოფილმა მეუღლე განქორწინების შემდგომ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. როგორც სპორტსმენის ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი, საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე, ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად, განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა.
ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.
რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.
სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.