ნიკოლოზ ბასილაშვილის კალენდარი - დევისის თასი და 5 ტურნირი აპრილამდე
ცნობილი გახდა ATP-ის პროფესიულ ტურში საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლის განრიგი გრუნტის სეზონის დაწყებამდე.
მომავალ კვირას პროფესიული ტურნირები არ იმართება, სამაგიეროდ, იწყება დევისის თასის 2018 წლის გათამაშება. საქართველოს ნაკრები ევროპა-აფრიკის ზონის II ჯგუფში სტუმრად ეთამაშება მაროკოს ნაკრებს და ბასილაშვილი დაეხმარება ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მატჩი 3-4 თებერვალს გაიმართება.
ამის შემდეგ, ნიკასთვის დაიწყება ამერიკული ტურნირების სერია: 12-18 თებერვალს ბასილაშვილი ნიუ იორკის ტურნირში ითამაშებს, 19-25 თებერვალს – დელრეი ბიჩში (ფლორიდა, აშშ), 26 თებერვლიდან 3 მარტამდე – მექსიკის ქალაქ აკაპულკოში.
ამ სამ ტურნირს ერთკვირიანი პაუზა მოჰყვება, რის შემდეგაც, ბასილაშვილს ორ “მასტერსში” თამაში აქვს დაგეგმილი: 8-18 მარტს ინდიან უელსში და 21-31 მარტს – მაიამიში.
აღსანიშნავია, რომ ყველა ჩამოთვლილ ტურნირზე ბასილაშვილი პირდაპირ ძირითად ბადეშია მოხვედრილი.