თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, კორტს დაუბრუნდა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ უინსტონ-სალემის ტურნირში მეორე წრიდან ჩაება და ორ სეტში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან, რომელიც მსოფლიოს მე-60 ჩოგანია.
სხვათაშორის, ეს ჩოგბურთელები წელს მაროკოს მარაკეშის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ქართველმა ორ სეტში გაიმარჯვა. ამჯერად, აპენინელმა დამაჯერებელი რევანში აიღო.
ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში შედგა, რომელიც ბრეიკით დაიწყო ბასილაშვილმა. ამას იტალიელის ორი ბრეიკი მოჰყვა, შემდეგ ქართველმა გაათანაბრა ანგარიში და ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა ბერეტინიმ მე-12 გეიმის სეტში მესამე ბრეიკი შეასრულა და 7:5 მოიგო პირველი სეტი.
მეორე პარტიაში ბასილაშვილი უშანსოდ იყო მეტოქის მოწოდებაზე – ჯამში მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. იტალიელმა კი რვა ბრეიკ-პოინტი და ერთი ბრეიკი მიითვალა და საათსა და 20 წუთში 7:5, 6:4 მოიგო.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა ივლისის ბოლოს ჰამბურგის ტურნირი მოიგო, რის შემდეგაც კიტცბუელში პირველივე წრის მატჩი დათმო. ამის შემდეგ, მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა თითქმის ერთთვიანი პაუზა აიღო და ტორონტოსა და ცინცინატის “მასტერსები” გამოტოვა.
ორშაბათიდან, ბასილაშვილი “დიდი სლემის” რიგით მეოთხე ტურნირში – აშშ-ის ღია პირველობაში ჩაებმება.