ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის ტურნირს გამოეთიშა

ჰამბურგის ტურნირში ტრიუმფის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის ATP250-ის ტურნირში ჩაება და პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ბასილაშვილმა ჰამბურგში გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ ერთი კვირაში შვიდი მატჩის ჩატარება მოუწია და ძალიან დაიღალა.

როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი იყო იმის მიზეზი, რომ ქართველმა კიტცბუელში ორ სეტში წააგო მსოფლიოს 90-ე ჩოგანთან, სერბ ლასლო ჯერესთან – 3:6, 3:6. შეხვედრა საათი 14 წუთი გაგრძელდა.

სერბის უპირატესობა სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს – მან 10 ბრეიკ-პოინტის მოპოვება შეძლო და ოთხი ასეთი შანსი გამოიყენა, ბასილაშვილს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი ჰქონდა. ნიკამ ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

სხვათა შორის, ჯერ ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა კიტცბუელის ტურნირს – გასულ კვირას, მან შვეიცარიის ქალაქ გშტაადში ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო.

ახლა, ბასილაშვილი ერთი კვირა დაისვენებს და შემდეგ, ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება, სადაც ორი „მასტერსი“ და აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა ელოდება.