ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე მან მსოფლიოს მე-13 ნომერი, ესპანელი ფავორიტი პაბლო კარენიო-ბუსტა ორ სეტში დაამარცხა – 7:6(3), 6:4. შეხვედრა საათი და 48 წუთი მიმდინარეობდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი და კარგა ხანი ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ 5:4-ზე, როცა ქართველი სეტზე აწვდიდა, ესპანელმა მოახერხა საპასუხო ბრეიკის გაკეთება და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. აქ პირველი მინი-ბრეიკი კარენიო-ბუსტას ჰქონდა, თუმცა, 1:2-ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ტაი-ბრეიკი მან დამაჯერებლად – 7:3 მოიგო.
პირველი სეტის მსგავსად, ბასილაშვილმა მეორე სეტის სტარტზე მოახერხა ბრეიკის შესრულება. და ისევ ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება – კარენიო-ბუსტამ მეშვიდე გეიმში შეასრულა უკუბრეიკი. საქმე ისევ ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა 5:4-ზე ბასილაშვილმა მიღებაზე სამმაგი მატჩბოლი გამოიმუშავა და პირველივე ცდაზე მიაღწია მიზანს.
ბასილაშვილი წელს პირველად და კარიერაში მეექვსედ გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში. 2016 წელს მას ერთი ნახევარფინალი ჰქონდა, 2017 წელს – ოთხი. ქართველს ორჯერ უთამაშია ფინალში, მაგრამ ჯერ ATP-ის ტიტული მოგებული არ აქვს.
ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი ჩილელ ნიკოლას ხარის შეხვდება, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 69-ე ნომერია. სამხრეთამერიკელმა მეოთხედფინალში ტურნირის პირველი ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.
ბასილაშვილი და ხარი 2016 წელს, სავანას „ჩელენჯერში“ შეხვდნენ ერთმანეთს და ჩილელმა ორ სეტში – 7:6(4), 6:2 მოიგო.