ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში, ჩინეთის პირველობის ნახევარფინალი მოუგო ბრიტანელ კაილ ედმუნდს და კარიერაში მეოთხედ ითამაშებს ATP-ის ტურნირის ფინალში. შეხვედრა ქართველმა საათსა და 41 წუთში ორ სეტში მოიგო – 7:6(6), 6:4. ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, კარიერაში პირველად, TOP30-ში შეაღწევს.
ბასილაშვილისთვის მატჩი კარგად დაიწყო – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მომდევნო გეიმში ედმუნდმა იგივეთი უპასუხა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები ახლოსაც ვერ მიდიოდნენ ბრეიკამდე – მეათე გეიმამდე, ანგარიში “თანაბარიც” კი არ ყოფილა. მეათე გეიმში ბასილაშვილის მოწოდებაზე ედმუნდმა სცადა საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა, მიღებაზე ორი სეტბოლი გამოიმუშავა, მაგრამ ბასილაშვილმა შეძლო გადარჩენა.
თუმცა, ქართველს მე-12 გეიმშიც შეექმნა პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე – ედმუნდმა რიგით მესამე სეტბოლი მიიღო და ისევ ვერ შეძლო მისი გამოყენება. ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ბასილაშვილმა ისევ გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე, 1:4-დან ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ორმაგი სეტბოლი მოიპოვა. ედმუნდმა მოახერხა ორივე საფრთხეს მოგერიება, მაგრამ მესამე მატჩბოლს 6:7-ზე ვერაფერი მოუხერხა და ბასილაშვილმა მოიგო პირველი სეტი.
თითქმის მოგებული სეტის წაგებამ ფსიქოლოგიურად იმოქმედა ედმუნდზე და მან ჩააგდო მეორე პარტიის სტარტი. ბასილაშვილმა მატჩში მეორე ბრეიკი შეასრულა და 4:1 გავიდა წინ. მას ისღა რჩებოდა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი მოწოდება და ეს ფინალის საგზურს მოუტანდა. მსოფლიოს 34-ე ჩოგანმა ეს ვერ შეძლო – ედმუნდმა ჯერ მერვე გეიმში ერთი მატჩბოლი მოიგერია, მეცხრეში კი საპასუხო ბრეიკი შეასრულა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, სულ ცოტა ხნით – უკვე მომდევნო გეიმში, ნიკამ მოახერხა კიდევ ერთხელ მეტოქის მოწოდების აღება, რითაც მატჩს წერტილი დაუსვა.
ბასილაშვილმა პროფესიულ ტურში პირველად მოუგო ედმუნდს და კარეირაში ATP-ის ტურნირებზე მეოთხედ გავიდა ფინალში: 2016 და 2017 წლებში მან წააგო გადამწყვეტი მატჩი კიტცბუელსა და მემფისში, სამაგიეროდ, წელს, ივლისში ჰამბურგის ფინალში მოუგო არგენტინელ ლეონარდო მაიერს.
კვირას, ბასილაშვილი პეკინის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.