ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს ხვალ ესტუმრება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ხვალ ჩამოვა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.
სხვა მაღალი რანგის სტუმრების ნაწილი საქართველოს დღეს ესტუმრება.
პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად უკვე ჩამოვიდა ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი.
ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის სპიკერს ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ინაუგურაციაზე დასასწრებად დღესვე ჩამოვლენ მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი, უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი და სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.
თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.