ნიკოლა სარკოზიმ საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა
ნიკოლა სარკოზიმ საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა. ამრიგად, სარკოზი სავარაუდოდ ციხეს აარიდებს თავს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მე მოვთხოვე, სასამართლო მომეპყროს ისე, როგორც ყველა მოქალაქეს. მე განაჩენს გავასაჩივრებ და ბოლომდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით დაშვებულს ორჯერ აღემატება.

პროკურორების თქმით, დანაშაულის დამალვის მიზნით, პარტიამ დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯი „პარტიული საქმიანობისთვის დახარჯულ“ თანხად შენიღბა.

თავად ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში იგი არ მონაწილეობდა არც მისი კამპანიის ლოჯისტიკაში და არც ფულის ხარჯვაში, თუმცა სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაფინანსების გადაჭარბების შესახებ ინფორმირებული იყო.

გარდა ნიკოლა სარკოზისა, პარიზის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი საქმეში მონაწილე 13 პირსაც გამოუტანა, რომელთა შორის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც არიან.