მაია სანდუ – მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ეჯიბრება

00:46, 17.11.2026

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა, რომ მოლდოვას სურს, უკრაინამ განვითარება განაგრძოს და ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ჩვენ არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ვეჯიბრებით. მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრებით. ძალიან გვინდა, რომ უკრაინა განვითარდეს და ევროკავშირის წევრი გახდეს. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ჩვენს გარშემო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები იქნებოდნენ. გვესმის, რამდენად რთულია უკრაინისთვის რეფორმების გატარება იმ პირობებში, როდესაც რუსეთი მას ყოველდღე და ყოველ ღამე უტევს“, – განაცხადა სანდუმ.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია, გავლენა მოახდინოს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე.

„ჩვენ გვინდა, მოლდოვა თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს. სწორედ ამას ნიშნავს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს ნიშნავს, ვიყოთ იმ მშვიდობის პროექტის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი წარმოადგენს. ამასთან, ეს ჩვენი დემოკრატიის გაძლიერების შესაძლებლობაა. ამ გზით ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ მოლდოვას, როგორც უკრაინის მეგობარ ქვეყანას. აშკარაა, რომ რუსეთს სურს, მოლდოვა უკრაინისთვის მტრულ ქვეყნად აქციოს, ბელარუსის მსგავსად. ეს პრობლემა იქნებოდა უკრაინისთვის, რომელთანაც 1 200-კილომეტრიანი საერთო საზღვარი გვაქვს. ეს ასევე პრობლემა იქნებოდა რეგიონის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც“, – აღნიშნა სანდუმ.

მსგავსი