ნიუ იორკის მერმა პოლიციის სტრატეგიული რეაგირების ჯგუფის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, მის ნაცვლად, მასშტაბური დემონსტრაციების მართვის ახალი მოდელი შეიქმნება

01:17, 17.11.2026

ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პოლიციის სტრატეგიული რეაგირების ჯგუფის (SRG) დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

დანაყოფს საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. მის ნაცვლად, მასშტაბური დემონსტრაციების მართვის ახალი, სამოქალაქო პირების ხელმძღვანელობით მოქმედი მოდელი შეიქმნება.

მამდანიმ ნიუ იორკის პოლიციის კომისარ ჯესიკა ტიშთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ახალი სტრუქტურის – საზოგადოებასთან დიალოგისა და დეესკალაციის სამმართველოს შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თანამშრომლები შეიარაღებულები არ იქნებიან და დაკავების უფლებამოსილება არ ექნებათ.

ამასთან, პოლიციის დეპარტამენტში სტრატეგიული რეაგირების ჯგუფის ფუნქციების ნაწილს ახალი დანაყოფი – საპატრულო მხარდაჭერის სამმართველო შეითავსებს, რომელიც საპროტესტო აქციებზე წესრიგის დაცვას განსხვავებული მიდგომით უზრუნველყოფს.

„ნიუ იორკელებს, რომლებიც პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობენ, პოლიცია ისე არ უნდა პასუხობდეს, როგორც ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ხდება“, – განაცხადა მამდანიმ.

ნიუ იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის განცხადებით, პოლიციის სტრატეგიული რეაგირების ჯგუფის დაახლოებით 500 თანამშრომელი მომავალი გაზაფხულისთვის პოლიციის დეპარტამენტის სხვა დანაყოფებში გადანაწილდება. მისი თქმით, ნაწილის გადაყვანა ანტიტერორისტულ ბიუროშიც იგეგმება.

მამდანის გადაწყვეტილება პოლიციის პროფკავშირებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ეს ნაბიჯი როგორც პოლიციელების, ისე საზოგადოების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

ცნობისთვის, გასული წლის საარჩევნო კამპანიის დროს მამდანიმ პირობა დადო, რომ გააუქმებდა პოლიციის დეპარტამენტის „სტრატეგიული რეაგირების ჯგუფს“. პოლიციის სტრატეგიული რეაგირების ჯგუფი ათი წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად ტერორიზმთან ბრძოლაზე იყო ორიენტირებული. თუმცა, დანაყოფს საპროტესტო აქციების დროს მკაცრი მეთოდების გამოყენების გამო აკრიტიკებდნენ, მათ შორის, დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების გამო.

მსგავსი