ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რაკეტები, ტერორიზმი და მათი ბირთვული ამბიციები ისრაელის საზღვრებთან არ ჩერდება, ევროპა უბრალოდ დამკვირვებელი არ არის, ევროპაც სამიზნეა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი ბაბიშთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი საფრთხეს არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ევროპასაც უქმნის.
„ირანის რაკეტები ისრაელის საზღვრებთან არ ჩერდება. არც მისი ტერორიზმი ჩერდება და არც მისი ბირთვული ამბიციები. ევროპა უბრალოდ დამკვირვებელი არ არის. ევროპაც სამიზნეა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს ისრაელის მხარდაჭერისთვის და გააკრიტიკა ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ისრაელის სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებენ.
„ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ტერორიზმთან დაპირისპირებას ისრაელის დაგმობა ურჩევნიათ“- განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ჩეხეთს „სწორი და არასწორი არ ეშლება“.
ნეთანიაჰუს განცხადებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა, მათ შორის ირანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ მიმართულმა მოქმედებებმა, ახლო აღმოსავლეთის სახე შეცვალა. თუმცა, მისივე თქმით, სამუშაო ჯერ დასრულებული არ არის.
„ჩვენ, ერთად, და სხვებთან ერთად, რომლებიც იმედი მაქვს, შემოგვიერთდებიან, ჩვენს საერთო ცივილიზაციას დავიცავთ. სწორედ ეს დგას რეალურად სასწორზე“,- აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების ინტერესი გამოხატა. ბაბიშმა დადებითად შეაფასა ისრაელის საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიები და საბრძოლო გამოცდილება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე გეგმავს შეხვედრას პარტია „იაშარის“ ლიდერთან, გადი ეიზენკოტთან.