ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მოწამლული საკვების შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა
იტალიაში რამდენიმე სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებები გახდა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მოწამლული საკვების არსებობის შესახებ გაფრთხილებას შეიცავდა.
იტალიაში, სულ მცირე, 100-მა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქებისა და საკვების მოწამვლის მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ინციდენტის გამო უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი ამოქმედდა, რომელიც მთავრობამ გასულ კვირას მომხდარი მსგავსი შემთხვევების შემდეგ შეიმუშავა.
უსაფრთხოების ახალი წესების თანახმად, იტალიის სკოლებში მსგავსი, ზოგადი ხასიათისა და მასობრივად გავრცელებული მუქარის მიღების შემთხვევაში ევაკუაცია ავტომატურად აღარ ტარდება. გადაწყვეტილებას სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით იღებენ.
სასკოლო სასადილოებში მომზადებული საკვების შემოწმების შედეგად, დარღვევა არ გამოვლენილა.
ინციდენტთან დაკავშირებით იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, იტალიასა და ბრიტანეთში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. ეს ინციდენტები ევროპაში ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე ხდება.