პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ესტუმრა
პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ესტუმრა

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ესტუმრა.

ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის სპიკერს ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ლიეტუვის სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიქტორას პრანკიეტისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი სპიკერობის პერიოდში გახდა ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც მიიღო ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუცია.

ამასთან, ვიქტორას პრანკიეტისის თაოსნობით, ლიეტუვამ მიიღო დადგენილება ლიეტუვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრებულიყო საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე დაფუძნებული სახელწოდება. ამრიგად, ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს.

ინაუგურაციაზე დასასწრებად დღესვე ჩამოვლენ მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი, უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი და ​სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.

თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.