ნიკოლ ფაშინიანი - დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე
ნიკოლ ფაშინიანი - დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით, რუსეთზე.

ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ პოლიტოლოგები ამტკიცებენ, თითქოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი სულ უფრო „ნერვიულობს“, რადგან რეგიონიდან იდევნება. კითხვა ასევე ეხებოდა იმას, თუ რამდენად არის მზად სომხეთი დაპირისპირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ერევანს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

„შესაძლოა, არსებობდეს პრობლემები, მათზე საუბარი საჭიროა, აუცილებელია საკითხების წამოწევა, მაგრამ რომელიმე ქვეყანაზე ასეთი ლექსიკით საუბარი არასწორია. თუ ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაშინ თავად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ არა სხვებისთვის, არამედ ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო არის აზროვნების სხვა სახე, სხვა აღქმა, სრულიად სხვა აზროვნების სიბრტყე და თუ გვსურს, გვქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, უნდა გადავიდეთ აზროვნების ამ დონეზე და იქ გავძლიერდეთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ არ სურს, უპასუხოს კითხვას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს.

„რატომ უნდა გამოიყენოს რუსეთმა სანქციები, ვთქვათ, რომელი ინტერესებისთვის? არ მინდა, დღეს განვიხილოთ ეს სცენარები ასეთი ლექსიკური მარაგით“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ერევანს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვები არ გააჩნია.