ნიკა ობოლაძე - 14 წლის წინანდელ ამბებზე მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, დღეს, როცა ხელიდან გვეცლება მესამე პრეზიდენტი, უმჯობესი იქნება, აქცენტი გავაკეთოთ ამ წლის 7 ნოემბერზე
ნიკა ობოლაძე - 14 წლის წინანდელ ამბებზე მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, დღეს, როცა ხელიდან გვეცლება მესამე პრეზიდენტი, უმჯობესი იქნება, აქცენტი გავაკეთოთ ამ წლის 7 ნოემბერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, 7 ნოემბერთან დაკავშირებით მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ახლა, 14 წლის შემდეგ მთავარია, რა ხდება დღეს და მომავალზე ზრუნვა.

„14 წლის წინ, 7 ნოემბერს ნამდვილად სამწუხარო ამბები მოხდა. მან შედეგად გამოიწვია მაშინდელი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, პრეზიდენტის გადადგომა და ა.შ. 2007 წლის 7 ნოემბერზე შეგვიძლია, ბევრი ვისაუბროთ, შეიძლება, ბევრი რამ იყოს საკამათო, შეიძლება, ბევრ რამეზე შევთანხმდეთ, მათ შორის ვთქვათ, რომ მაშინ ხელისუფლებას უნდა აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მაგრამ იმის შემდეგ გავიდა 14 წელი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც წარსულის შეფასება, ასევე მნიშვნელივანია აწმყოს შეფასება და პირველ რიგში, ახლა რაც გვაქვს შესაფასებელი არის ის, თუ რა ხდება დღეს, 2021 წლის 7 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის საკანში და ხელისუფლება კლავს მას, რადგან არ აძლევს შესაბამის სამედიცინო დამხარებას, აწარმოებს პროპაგანდას, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს მინერალები და დანამატები.

შესაბამისად, იმაზე, რაც მოხდა 14 წლის წინ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ ამაზე ბევრი დროის ხარჯვა, ამის შეფასებაში შესვლა 14 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც დღეს ხელიდან გვეცლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ქვეყანა შეიძლება, შევიდეს ისეთ უარყოფით სპირალში, საიდანაც გამოსვლას ათწლეულები დასჭირდეს, უმჯობესი ინება წლევანდელი წლის 7 ნოემბერზე გავაკეთოთ აქცენტი, დღეს შევხედოთ, რა არის ქვეყნის მომავალი, რა არის ქვეყნის აწმყო და დღეს ვიმოქმედოთ.

14 წლის წინანდელი ამბები არის მნიშვნელოვანი, 14 წლის წინანდელი ამბები არის გასაანალიზებელი, 14 წლის წინანდელ ამბებზე პასუხისმგებლობა არის აღებული, მაგრამ დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ხდება ამ წლის 7 ნოემბერს, რა ხდება ახლა, როდესაც ვკარგავთ ქვეყანას და ვკარგავთ მომავალს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება საკანში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამი პრეზიდენტიდან, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკვდა და ვერ დავიცავით, გამოდის, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხეც არის რეალური, ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

მისი განმარტებით, ახლა მთავარია, დასკვნები გამოიტანონ იქედან, რაც ამჟამად ხდება.

„არ არის სწორი, ახლა ვისაუბროთ 14, 15 და 20 წლის წინანდელ ამბებზე“, – დასძინა ნიკა ობოლაძემ.