ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლო პროცესის ხვალისთვის გადადებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლე მიმართავს, რომ სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდოს.
„თქვენგან რაც გაივგე, არის ის, რომ იქვე არის „პეპელას“ ბაზა, სადაც სპეცრაზმი არის ეკიპირებით მობილიზებული. ინფორმაციას ვარკვევ, პროკურორებმა გააჟღერეს ეს ინფორმაცია, რომ ეს მობილიზება შესაძლოა, იყოს ერთი ჩვეულებრივი რაღაც ღონისძიება. თუმცა ისინიც ეყრდნობოდნენ საჯარო კადრებს, რომელიც ჩვენი აღქმით და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სრული უმრავლესობის აღქმით, არის მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ეს ხალხი არის სპეცრაზმის შესაბამისი აღჭურვილობით და არიან მიკროავტობუსებში განლაგებული, სხვა რა უნდა ვიფიქროთ. ბრალდების მხრიდან ველოდებოდი, რომ შეიძლება გადაამოწმეს და გვეტყოდნენ, რომ დღეს არის პირობითად, კონკრეტული წვრთნა, რადგან ასე ფაქტად გაასაღა ბატონმა პროკურორმა, რომ ეს არ უკავშირდება ნიკა მელიას არანაირადო. ამის კონკრეტული მტკიცება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. გთავაზობთ, რომ გადავდოთ ეს პროცესი. გთავაზობთ, რომ აცილების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ხვალ დილის 12:00 საათზე გაგრძელდეს პროცესი“, – განაცხადა ბასილაიამ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის განცხდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.