ნიკა მელია - პრეზიდენტის ანგარიში უსუსტესი იყო, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი სუსტი დასკვნითი ანგარიში ძნელად მოიძებნება
პრეზიდენტის ანგარიში უსუსტესი იყო და მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი სუსტი, მით უმეტეს, დასკვნითი ანგარიში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ელოდებოდა ის პრეზიდენტის გამოსვლისგან, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა აქცენტი არ გააკეთა მედიაგარემოზე, არ ისაუბრა სასამართლო სისტემაზე, არაფორმალურ მმართველობაზე და ძალიან გაკვრით ისაუბრა ეკონომიკაზე, გამოუძიებელ საქმეებზე და ა.შ.
„ეს იმ ადამიანის საბოლოო მოხსენებას არ ჰგავდა, რომელიც ხუთი წელი პრეზიდენტად მუშაობდა. მე მგონი, პრეტენზია არც აქვს, არც მას და არც კვირიკაშვილს, რადგან ეს ადამიანები თანამდებობებზე დანიშვნის დღიდან გამოფიტული, უემოციო, უენთუზიაზმო იყვნენ და მოტივაცია არასოდეს ჰქონიათ, რამე ეკეთებინათ“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა, უბედურებაა.
„ის, რაც დღეს მოხდა, მოხდა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ქვეყანას ექვსი წლის განმავლობაში მართავენ. მინისტრთა კაბინეტი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და პრეზიდენტი მარგველაშვილი მართავენ ქვეყანას, სადაც უამრავი პრობლემაა. ეს ის ადამიანები არიან, ვისი იმედიც უნდა ჰქონდეს სტუდენტსაც, მოსწავლესაც, ბებიასაც და ბაბუასაც. ისინი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, სად არიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად, განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.