ნიკა მელია - ჩემი დაკავების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, სხვა საკითხია
ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა წააგო, მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება-დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ბევრი დეპუტატი ნანობს, რომ მის დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკურად დამარცხდება არა მასთან, არამედ საზოგადოების ნაწილთან, რომელიც უმსგავსობას აპროტესტებს.
„ჩემი დაკავების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, სხვა საკითხია. აბსურდში გაეხვა მათი მთელი ეს საქმე. ამ მოსამართლემ მკაფიოდ, შავზე თეთრი უნდა თქვას. ამ შეკერილი საქმის გამო, ახლა უკვე ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული დაკავება. უბრალოდ არ უნდათ და მათთვის წარმოუდგენელია, შესაძლებლობა მქონდეს, ვიარო პარლამენტში როგორც მოქმედმა დეპუტატმა. ეგონათ, რომ ამას ვერ შევძლებდი. კეთდებოდა განცხადებები. მათთვის მე ხომ დაჭრილი ვარ, დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია, ასე უყურებენ, რადგან მე ხომ მათთვის კოლეგა აღარ ვარ. წარმოუდგენელი რამ გააკეთებინეს. მტკიცებულებები აღარ არსებობდა და ისე უყარეს კენჭი. ამას ნანობს ბევრი მათგანი და მეც, მათ ადგილზე ძალიან დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განვიცდიდი. წარმოიდგინეთ სურათი, როდესაც მე ვიქნები იქ, სადაც ისინი მასამართლებდნენ, სხდომათა დარბაზში, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში ორი საჩივარია შეტანილი. ერთი, დაცვის მხარის მიერ, რომელიც ასაჩივრებს იმ შეზღუდვებს, რომელიც დამიწესდა და რომელიც ანტიკონსტიტუციურია, მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტთან წინააღმდეგობაში მოდის. მეორე – პროკურატურა, ანუ ხელისუფლება ასაჩივრებს იმ აღკვეთის ღონისძიების სახეს, რომელიც შემეფარდა და უნდათ პატიმრობა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა წააგო, ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება-დამარცხება. პოლიტიკურად ეს ხელისუფლება დამარცხდება, ოღონდ ჩემთან არა, ის დამარცხდება საზოგადოების ნაწილთან, რომელიც აპროტესტებს ამ უმსგავსობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ გავრილოვთან დაკავშირებით, არ იყო შემთხვევითი.
„შემთხვევითი როგორ იყო, ერთი კვირის განმავლობაში ღია ეთერებში მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ არ შემოეშვა გავრილოვი. არა თუ შემოუშვეს, ის გააკეთეს, რაც გააკეთეს. სისხლის სამართლის დანაშაულამდე კი არ უნდა დაიყვანონ, იქით ვიღაცებს გადაცდომა დაუფიქსირდათ, უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამაზე პასუხი უნდა აგონ. ამას არ აკეთებენ, ვინაიდან რაციონალიზმი აღარ არის მათში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.