ნიკა გვარამია - სრული სისულელეა ჩემი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის მატერიალურ ზარალში, მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და დავაყენე ფეხზე
ფეხებზე მკიდია, თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ, ყველაფერი კარგად იქნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ გამოკითხვაზე მისვლას აპირებს.
„მისვლას ვაპირებ. არასდროს მითქვამს უარი. ჩემზე ბევრი საქმე არის აღძრული, მაგრამ ეს ყველაზე სულელურია. სრული სისულელეა ჩემი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის რამე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და იმის მოკლული, ვისი ცოლიც ახლა მიჩივის. ეს კომპანია დავაყენე ფეხზე და შვიდი წელი, მიუხედავად ყველაფრისა, ვაფუნქციონირე, არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანებია და თუ დავაგვიანე, არ ყოფილა ვინმეს რამე დავალიანება. მიზანი ორია, რუსთავი 2-ის დახურვა იგეგმება, რადგან არ არის ფინანსური შესაძლებლობები და თუ ვინმეს უნდა დააბრალონ, ეს ვარ მე. ეს იქნება სასაცილო. დამაბრუნონ და ხვალვე გავცემ ხელფასსაც და არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, აღნიშნული გამოძიების მეორე მიზეზი არის ტელევიზია, რომელსაც ის აკეთებს და რომელიც იქნება „რუსთავი 2“-ზე უკეთესი.
„რომელიც გამოიწვევს იმას, რომ „რუსთავი 2“ საერთოდ არააქტუალური გახდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ივანიშვილს უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუნდი მუშაობს „რუსთავი 2“-ში, „რუსთავი 2“ არის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია. იქ დარჩენა არის წითელი ხაზი, არის ღალატი არა ჩვენი, არა „რუსთავი 2“-ის, არამედ ქვეყნის ინტერესების და იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა დიქტატურა ქვეყანაში. ყველანაირი მოლოდინები მაქვს, უკანონობას არ აქვს ფარგლები და დროა, ყველამ გავაცნობიეროთ, თქვენც, „იმედი“, პატივს გცემთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მაინც თქვენ დაგიცავთ. ჩვენთან დამდგარია რუსული ტიპის დიქტატურა. ფეხებზე მკიდია, თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ, ყველაფერი კარგად იქნება. ტელევიზია მაინც გაკეთდება, მე მაინც გამოვალ, ივანიშვილი შევა და ვეღარ გამოვა, პირობას ვდებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე მოწმის სახით დაიკითხება.