ნიკა გვარამია - ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!
ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?! – ასე პასუხობს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს.
„ბატონო გიორგი ვაშაძე, რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ ბინძურ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!!
უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!!
მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!!
ძალიან სირცხვილია“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე დღეს განაცხადა: „სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის“. მან ასევე განაცხადა: „მთავარმა არხმა“ ისე გააკეთა სიუჟეტი, არც დაგირეკავთ, ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია, რომ დამირეკოს და არც კი გიკითხავთ არაფერი. გააკეთეთ სიუჟეტი, რომ ვითომ ჩვენ ვაპირებთ რაღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ოპოზიციასთან მიმართებით, ამას არ ვაპირებთ“.